ავტორი 
რატი კობახიძე 
ილია ჭავჭავაძე და ანტი-დასავლური პროპაგანდა
პრო-რუსული გამოცემები, განსაკუთრებით კი „საქართველო და მსოფლიო“ აქტიურად იყენებს ილია ჭავჭავაძის სახელსა და ავტორიტეტს ანტი-დასავლური ნარატივების გასავრცელებლად.
ჩვენს თანამედროვეობაში ისტორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ისტორიიდან ერთი ფიგურა - ილია ჭავჭავაძე, კი განსაკუთრებით ავტორიტეტული პიროვნებაა. ბევრი ლექცია ჩატარებულა და სტატიებიც კი დაწერილა თუ რას იზამდა ილია ჭავჭავაძე დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო. მას შემდეგ რაც ამ ნაშრომზე მუშაობა დავიწყე, დავრწმუნდი, ილია, ქართული ჟურნალ-გაზეთების ერთ-ერთი მამა, დღეს რომ ფეხზე წამოაყენა, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ წაკითხვის შემდეგ, უკანვე ჩაბრუნდებოდა. მისი ნომრის ფურცლებზე ეს ადამიანი ყოველგვარი დასავლურის მტრად, რუსულის მოტრფიალედ და თანამედროვის მოძულედ არის გამოყვანილი.

„რუს და ქართველ ხალთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა საჭირო ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას, ვინაიდან რუსეთი თავისთავად ბევრად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი”

სწორედ ეს ციტატა მოიყვანა ამ გაზეთის ერთ-ერთი რუბრიკის „ავი მუსაიფის” ავტორმა დავით ესეიძემ 2021 წლის მე-15 ნომერში. ილია ჭავჭავაძის უზარმაზარი პუბლიცისტური შემოქმედებიდან ავტორი მაინცდამაინც ამ ერთ ციტატას დასჯერდა, სტატიაში თამამად მოიყვანა, თანაც, მისივე სიტყვები რომ მოვიხმოთ, მკითხველს „დაგვიღეჭა” და გამართული პრო-რუსული და ანტი-დასავლური ნარატივიც შექმნა - დიდი ილია თუ რუსეთს ეტრფოდა, ჩვენ რატო არ უნდა ვეტრფოდეთო?


ავტორმა როგორც ჩანს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის - სერაფიმესადმი მიწერილი ილია ჭავჭავაძის ამ წერილის შინაარსის მკითხველისთვის ზედმიწევნით გაცნობა საჭიროდ არ ჩათვალა. სინამდვილეში ამავე წერილში ილია ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებს რუსიფიკატორულ პოლიტიკას და იმპერიაში ქართველებისადმი არსებულ ნეგატიურ განწყობებს. განსაკუთრებით, იგი უპირისპირდება ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების მცდელობებს. კოლონიალური კონტექსტი ავალდებულებს ილიას იყოს დიპლომატიური თავის წერილში, ამასთანავე, ვინაიდან იგი სასულიერო პირს ესაუბრება, მისი არგუმენტაციაც ნაწილობრივ რელიგიური ნიადაგიდან არის აღმოცენებული, თუმცა ილიას სათქმელი აშკარაა - ქართველებს „ქართველობას“ სწორედ რუსეთი გვართმევს, ამ მიზეზით საქართველოში წარმოშობილი პროტესტი კი ლეგიტიმურია. აი რას ამბობდა ილია ამავე წერილში:
„ყოველივე ამის გამო, გარუსების იდეა, გაგებული ადამიანთა ერთსა და იმავე სახის და მსგავსების მიხედვით გარდაქმნის და გადახალისების აზრით, თავისი არსებით ანტირელიგიურია, ვინაიდან ამ სახით ის სხვა არაფერია, თუ არ უარყოფა ღვთის ნებისა, რომელიც გამომჟღავნდა ღვთიურ მიზნებისთვის სხვადასხვაგვარი ტომთა და ხალხთა შექმნაში.”

აქვე კანონის წინაშე უთანასწორობაზეც:
„კანონის წინაშე ეს უთანასწორობა, ქართველების მიმართ ჰუმანიტარული საწყისისგან უკან დახევა არის ადგილობრივი ჩინოვნიკების ნახელავი. ხომ არ არის ყოველივე ეს პირდაპირი მითითება იმაზე, რომ ერთ და იმავე სახელმწიფოში ერთი კატეგორიის მოქალაქეთა სიცოცხლე ფასდება მეტად, ვიდრე მეორე კატეგორიისა. განა შეიძლება ასეთ ნიადაგზე იზარდოს და განვითარდეს ერთობის და სიყვარულის გრძნობა? “
ეს ციტატები აშკარად ცხადყოფს, რომ ილიას წერილი სერაფიმესადმი პრო-რუსული განწყობების სულაც არ ყოფილა, პირიქით, მასშიც იმპერიალისტური და ანტი-ქართული პოლიტიკის აშკარა კრიტიკაა გადმოცემული.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ ილია ჭავჭავაძის სახელისა თუ სიტყვების მანიპულაციურად გამოყენება ამ ერთი შემთხვევით სრულიადაც არ ამოიწურება. ილია, ბუნებრივია არ გვასწავლიდა - რუსეთი კარგია და ევროპა ცუდიაო, თუმცა ამას კი გვმოძღვრავდა: „თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე“-ო. მოდით, ჩვენც შევუდგეთ კვლევასა და ჩხრეკვას.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ 68 ნომერზე დაკვირვებამ საინტერესო შედეგები აჩვენა.
ილია ჭავჭავაძით მანიპულაციის 61 შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 47 რუბრიკა „მწარე სიმართლეშია“ მოცემული.
ილიას სახელით ძირითადად 2 გზით მანიპულირებენ - ან მისი ვრცელი წერილი თუ ციტატა მოაქვთ სტატიაში, ანდაც მხოლოდ მის სახელს თუ რომელიმე ცნობილ მოკლე ციტატას მოიხმობენ. ორივე შემთხვევაში სტატიის ავტორი ცდილობს ამის გამოყენებით საკუთარ სათქმელს დამატებითი მუხტი და დამაჯერებლობა შესძინოს.
ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტი ყველაზე ხშირად ანტი-დასავლური და პრო-რუსული პროპაგანდისთვის გამოიყენება
სამწუხარო და ამასთანავე ერთგვარად ირონიულია, ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტი „საქართველოსა და მსოფლიოს” მიერ აქტიურად ანტი-დასავლური ნარატივის გასავრცელებლად რომ გამოიყენება. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია 2020 წლის 24-ე ნომრის რუბრიკა „მწარე სიმართლე”. ამის ავტორი იმ აზრს ატარებს, რომ დასავლეთი, რომელიც თურმე ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს, საქართველოს არ სჭირდება. თავისი აზრის განსამტკიცებლად კი აქტიურად იყენებს ციტატებს ილია ჭავჭავაძის „აჩრდილიდან”. თითქოს რა შუაშია, სად „აჩრდილი”, სად „ანტიდასავლურობა”. ამ კავშირის გავლება ავტორსაც უჭირს. გაჭირვებაში მყოფი კი უკიდურეს ზომასაც მიმართავს - ციტირებს ღვთისმშობლისადმი ლოცვის ცნობილ ტაეპს „აჩრდილიდან”:

„დედავ ღვთისა ეს ქვეყანა შენი ხვედრია

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა

ჰოი სახიერო ცისარტყელა განავლე ცასა

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა”


ამის შემდგომ კი ამბობს: „და ეს სარტყელი, მაცხოვრის კვართი და ყოვლადწმიდა ქალწული არის გარანტი საქართველოს მთლიანობისა“.

როგორ სიღრმისეულად შეუსწავლია ილიას ცხოვრება და შემოქმედება ამ რუბრიკის ავტორსა! თანაც ისეთ კონტექსტში ჩასვა, გეგონება ილია გვეუბნებოდეს, საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყანაა, ილოცეთ და გეშველებათ, რა ევროპა, რის დასავლეთიო?
კიდევ უფრო დიდი უდიერობაა, ამავე რუბრიკის ავტორის მიერ 36-ე ნომერში ილია ჭავჭავაძის ევროპის პოლიტიკის მიმოხილვების მოყვანა და მათი ანტი-ევროპულ იდეებად გასაღება. სტატიები, როგორებიცაა „მილიტარობა ევროპაში”, „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“, „ევროპის დიდი და პატარა ონავრები” მხოლოდ იმ პერიოდის დასავლურ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზია და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ დასავლური გზის, როგორც კულტურული არჩევანის, ილიას მიერ უალტერნატივოდ აღიარებასთან.

გაზეთის ფურცლებზე მსგავსი მანიპულაციური ჰედლაინებიც არაერთგზის გვხვდება. ილიას სახელის უბრალოდ მოხსენიებაც კი მკითხველის თვალში ამა თუ იმ საკითხს განსხვავებულ ელფერს სძენს, თუნდაც კავშირი არაპირდაპირი და ბუნდოვანი იყოს.



სინამდვილეში, ილია ჭავჭავაძის ანტი-დასავლურ მოაზროვნედ წარმოჩენა, ან ამაზე რაიმე ტიპის მინიშნების გაკეთებაც კი, ერთიანი აბსურდია. პირიქით, ქართულ ცნობიერსა და კოლექტიურ მეხსიერებაში დასავლურობისა და ევროპულობის განცდა და ცნება, სწორედ ილიამ, სხვა არაერთ თანამოაზრესთან ერთად, გააჩინა და შექმნა. თავის სტატიაში „აზია წინათ და ეხლა“ იგი ამბობს:
„ისტორია და წარმატება — მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი, და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა“
ილია ჭავჭავაძე
ამავე სტატიაში იგი იწონებს სპარსეთის მხრიდან ევროპული კულტურისთვის კარის გახსნას. ცენზურის პირობებში სწორედ ასეთი საერთაშორისო საკითხების გაშუქებით ილია ჭავჭავაძე (მასთან ერთად სხვანიც) ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ ქართველთა შორის დასავლური სამყაროს აღმატებულობის, გადარჩენისა და წინსვლისთვის მისკენ სვლის აუცილებლობის იდეა.

ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანს - ნიკოლოზ ალექსიძეს. ბატონმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ქართულ ეროვნულ ნარატივში ევროპულობის იდეის დამკვიდრებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის.
„საქართველო და მსოფლიო” ილიას სახელს მხოლოდ ანტი-დასავლურ ნარატივებს არ უკავშირებს. სამწუხაროდ იგი მის პრო-რუსად წარმოჩენასაც აქტიურად ცდილობს.

ამ გადიდებული შრიფტით გამოტანილ ციტატაში ავტორი გვეუბნება, რომ ილიას თითქოს თურქებს რუსები ურჩევნია.
სინამდვილეში, 2020 წლის მე-4 ნომერში დაბეჭდილი ამ სტატიის დიდი ნაწილი საერთოდაც არ ეხება დიდი შრიფტით გამოტანილ საკითხს, არამედ ილიას აფხაზეთში ვიზიტს აღწერს. მხოლოდ ბოლოში, 1 სვეტსა და ნახევარში აღნიშნავს სტატიის ავტორი, რომ ილია ჭავჭავაძეს აჭარის საკითხი ანაღვლებდა. წერდა იმაზე, რომ აჭარლები ოსმალეთში გადაბარგებას აპირებდნენ. ავტორი გვეუბნება, ილიამ იცოდა მათი ამ გადაწყვეტილების საბაბი, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო არ ასახელებდაო. ავტორის მიერ მოყვანილ ციტატაში კი ილია იმასაც ამბობს: „ნუთუ რაც უნდა იყოს, რუსეთის ხელში ყოფნა არ უნდა ერჩივნოს, ვიდრე ოსმალეთის ხელში?”. აქედან ავტორი ასკვნის - ილია რუსოფილი და თურქოფობი ყოფილა.

მოდით, მეც ილიას დავესესხები: „ბარაქალა, ჩემო ილიავ, ბარაქალა”, თურმე მთელი ცხოვრება ქართული ენა რუსეთისგან იმისათვის დაგიცვია, ქართული კულტურის გადარჩენისათვის იმისათვის გიღვაწია, მომავალი ქართველი მოაზროვნეები იმისათვის გამოგიზრდია, რუსულ საიდუმლო პოლიციას იმისათვის დაუწერია შენზე „ილია ჭავჭავაძე ჟურნალების „ივერიასა“ და „იმედის“ თანამშრომლებთან ერთად შეადგენს ჯგუფს იმ ლიბერალებისა, რომელთაც სურთ მოიპოვონ საქართველოს დამოუკიდებლობა და ოცნებობენ ქართულ პარლამენტზეო”, რომ 2020 წელს დარეჯან ანდრიაძეს პრო-რუსული ნარატივების გასავრცელებლად გამოეყენებინე.

ერთგვარად ირონიულიც კია, ქალბატონმა დარეჯანმა ილიას პრო-რუსად „გასასაღებლად“ ის სტატია რომ შეარჩია, რომელშიც სწორედ რუსული ცენზურის მიერ არაერთი ადგილია ამოგლეჯილი. მიუხედავად ამისა, ამავე სტატიაში, რომელიც 1879 წლის თებერვლის შინაურ მიმოხილვას წარმოადგენს, ილია ჭავჭავაძე აგრძელებს აჭარაზე მსჯელობას. იგი აკრიტიკებს რუს მოხელეებს, რომლებმაც არც ადგილობრივი კულტურა იციან, არც ენა და „ხალხის ცხოვრების არც პატივი აქვს და არც ზედ-მოქმედება არასფერზედ”. ირონიულია, მაგრამ ამ სავალალო მდგომარეობის საპირწონედ ილია ჭავჭავაძეს ამავე სტატიაში სწორედ ევროპის მაგალითი მოჰყავს:
ეს კარგად იციან ევროპიელებმა, რომელთაც კანონად მიღებული აქვთ, რომ თუ ენა არ იცის, კაცს ფეხსაც არ შეადგმევინებენ იმ ხალხში, საცა მოხელეობას ჰნდომობს
ილია ჭავჭავაძე
შესაბამისად, ილია შესაძლოა გულწრფელადაც ამბობდეს, რომ ობიექტურად, იმ პერიოდში და იმ კონტექსტში, რუსეთის, შედარებით დასავლურ ყაიდაზე მოწყობილ იმპერიაში ცხოვრება უფრო მოსაწონი უნდა იყოს, ვიდრე ოსმალეთის ჩამორჩენილ სახელმწიფოში. მაგრამ აქვე დასძენს, ეს რომ ასე არაა და ხალხს მაინც იქით მიუწევს გული, ამაში დამნაშავე სწორედ რუსი მოხელეები და არასწორი იმპერიული პოლიტიკააო. სწორედ ამიტომაც არის ეს კონკრეტული შინაური მიმოხილვა ასე ძალიან დაცენზურებული. სწორედ ამიტომაც არ უნდა გამოეყენებინა ქალბატონ დარეჯანს, ეს ანტი-რუსული და პრო-დასავლური სტატია ილიას პრო-რუს და ანტი-დასავლურ მოაზროვნედ წარმოსაჩენად!

ილიას ავტორიტეტის გამოყენება სხვა კონტექსტებშიც ხდება. მაგალითად 2020 წლის მესამე ნომერში ნახავთ მის ჰომოფობიურ, 2020 წლის 22-ე,23-ე, მე-16 ნომრებში მის ანტი-ოპოზიციურ (დიახ, დღევანდელ ოპოზიციას ვგულისხმობ), ასევე მე-9 ნომერში მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის პოზიტიურად წარმოჩენის კონტექსტებში.
სხვადასხვა რუბრიკებში არაერთგზის შევხვდებით ილიას ცნობილი ტრიადის „მამული, ენა, სარწმუნოების“ გამოყენებას. ავტორები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ მათი კრიტიკის ობიექტები სწორედ ამ სამ ცნებას უპირისპირდებიან.

მამული, ენა, სარწმუნოება
შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის ეს სამივე ცალკეც და ერთადაც მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს, თუმცა ამ ტრიადის ქართული იდენტობის ილიასეული პროექტის საფუძვლად წარმოჩენა, მის შემოქმედებაში ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება არასწორია. ეს სამეული ილიამ გამოიყენა მის სრულიად პირველ წერილში „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის მიერ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმანზედა”. მოგვიანებით, დაბრძენებული და გამობრძმედილი ილია კი თავის სტატიაში „ოსმალოს საქართველო“ ამბობს:

„ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა”

ილია თავადვე უარყოფს თავისი ტრიადის 2 ელემენტს, თუმცა მას ჯერ კიდევ ეჭიდებიან ქართველი ვაი-პატრიოტები. ინტერვიუში ნიკოლოზ ალექსიძე ასევე აღნიშნავს, რომ „მამული, ენა, სარწმუნოება“ ილია ჭავჭავაძისეული „ქართველობის“ პროექტის ფუნდამენტად არანაირად არ გამოდგება.

სავალალოა, თუმცა ფაქტია, ქართულ ცნობიერებასა და კოლექტიურ მეხსიერებაში დასავლური სამყაროს სიდიადის იდეის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი - ილია ჭავჭავაძე, დღეს „საქართველოსა და მსოფლიოს” მიერ სწორედ ანტი-დასავლური და პრო-რუსული ნარატივების გასავრცელებლად აქტიურად გამოიყენება. უფრო მეტიც, ილია ჭავჭავაძის სახელსა თუ სიტყვებს ყველანაირი ვიწრო ინტერესის მისაღწევად იყენებენ, იქნება ეს ანტი-ოპოზიციური თუ ჰომოფობიური გზავნილები.

სხვა შავრაზმული მედიებიც აქტიურობენ ამ კუთხით, მათი ვებ საიტების ზედაპირული გადახედვით მანიპულაციის შემთხვევას შევხვდი „საქინფორმზე“, ასევე „ნიუს ფრონტზე”(აქ კვლავ სერაფიმესადმი წერილია გავრცელებული).


ილია ჭავჭავაძე ჩვენს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ფიგურაა. შესაბამისად იმის იმპულსი რომ იგი საკუთარ თანამოაზრედ წარმოაჩინო, სრულიად ბუნებრივია და ქართულ სივრცეში ხშირად იჩენს თავს. თუმცა „საქართველო და მსოფლიო“ ამ მიზნით მანიპულაციას და ხალხის მოტყუებას, მათ შეცდომაში შეყვანას ეწევა. თავში ვახსენე, ამის შემხედვარე ილია ჭავჭავაძე საფლავში ჩაბრუნდებოდა მეთქი, ახლა რომ ვფიქრდები, მწარედ შევცდი, თუკი ილია რამეს იზამდა, ეს მანიპულატორებისა და ხალხის შეცდომაში შემყვანთათვის პასუხის გაცემა იქნებოდა. მისი სახელი იმ იდეალების წინააღმდეგ გამოიყენეს, რისთვისაც მთელი ცხოვრები იბრძოდა, ეს კი ღირსებისა და მისი ხსოვნის უდიდესი შებღალვაა, ხოლო, როგორც ილია თავად იტყოდა: „თავის თავის პატივისმცემელი ლიტერატურა მოვალეა ჰპატრონობდეს ადამიანის ნამუსს და ღირსებას და კაცი არავის გაალახვინოს ცილითა და ტყუილითა”.

მათი მხილება ჩვენი მოვალეობაა, ჭეშმარიტების, სამშობლოსა და ილიას წინაშე აღებული მოვალეობა. ილია ჭავჭავაძე კი მანიპულაციისა და სიცრუის მსხვერპლი თავის სიცოცხლეშიც გამხდარა, ამიტომ ამათთვისაც პასუხის გაცემა მასვე მივანდოთ:

პრესას, რომლის სამფლობელო მართალი და ჭეშმარიტებაა და რომელიც მარტო ამ ორთა წიაღში უნდა ატრიალებდეს და ამოქმედებდეს უკეთესთა ადამიანთა ჭკუაგონებას და უმაღლეს სულთა-სწრაფვას კაცობრიობისას გზას უკაფავდეს, განა ეპატიება უსამართლოდ გაბიაბრუება ადამიანისა.
ილია ჭავჭავაძე
ბოლოს კი ერთად ვიხილოთ თუ რამდენად ანტი-რუსი იყო „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ პრო-რუსად გასაღებული ილია ჭავჭავაძე :

2021
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website